ჰალკის სემინარია
ჰალკის სემინარია, ჰალკის სასულიერო სემინარია (თურქ. Ortodoks Ruhban Okulu, ბერძ. Θεολογική Σχολή Χάλκης) — კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის ამჟამად უმოქმედო საშუალო სპეციალიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მდებარეობს თურქეთში, კუნძულ ჰეიბელიადის „იმედის ბორცვის“ (თურქ. Ümit Tepesi) წმინდა სამების მონასტრის ტერიტორიაზე.
ჰალკის სემინარია დაიხურა 1971 წელს და მანამდე იყო ერთადერთი სასწავლო დაწესებულება, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსათვის ამზადებდა სასულიერო პირებს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება მის აღდგენაზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დედაქალაქში სასულიერო სასწავლებლის გახსნის პირველი მცდელობა ეკუთვნის კონსტანტინოპოლის პატრიარქ გრიგოლ VI-ს, რომელმაც ის 1839 წელს ფანარში დააარსა. თუმცა ფინანსური სირთულეების გამო სკოლა მალევე დაიხურა.
1844 წლის 1 ოქტომბერს, კუნძულ ჰალკის ბორცვის წვერზე, სამების მონასტრის შენობაში, კონსტანტინოპოლის პატრიარქის გერმან IV-ის ინიციატივითა და კონსტანტინოპოლის ყოფილი პატრიარქის კონსტანტი I-ის მატერიალური მხარდაჭერით, დაარსდა ჰალკის სასულიერო სასწავლებელი.
კონსტანტინოპოლის პატრიარქისა და ეპარქიის ეპისკოპოსების სავალდებულო წლიური შენატანები გამოიყო სკოლის მოვლა-პატრონობისთვის, ხოლო 2 ათასი მანეთი (ოქროში) გადაირიცხა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდიდან. ადმინისტრაციული თვალსაზრისით, სკოლა უშუალოდ ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქს და სინოდს ცალკე ეფორიის სახით, რომელიც შედგებოდა ოთხი ადამიანისგან, ეფორიას თავმჯდომარეობდა სინოდის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც პატრიარქი ნიშნავდა ერთი წლის ვადით. აკადემიის რექტორს საერო და სასულიერო განათლების მქონე პირებისგან (ძირითადად არქიმანდრიტის წოდებით) ირჩევდნენ. 1867 წლის წესდების თანახმად, სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა იყოს 60 კაცზე ნაკლები (1886 წელს იყო 80, ხოლო 1897 წელს - დაახლოებით 100 კაცი). სწავლა გრძელდებოდა რვა წელი. მერვე კურსის ყველა სტუდენტს მოეთხოვებოდა ბერები გამხდარიყვნენ და გამოსაშვები ცერემონიის დროს საზეიმოდ დაედოთ ფიცი, რომ თავს უძღვნიდნენ მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურებას. ზაფხულის არდადეგები გრძელდებოდა ორი თვე (ივლისი და აგვისტო).
რექტორმა არქიმანდრიტმა კონსტანტინემ (ტიპალდოსმა) სკოლაში სლავური ენის შესწავლა შემოიღო, რომელსაც ბულგარეთის წმინდა იოანე რილელის მონასტრის ბერები ასწავლიდნენ.
1894 წლის მიწისძვრამ სემინარია გაანადგურა. კომპლექსის რესტავრაცია ჩაატარა არქიტექტორმა პერიკლის ფოტიადისმა. შემომწირველებს შორის იყვნენ: კონსტანტინოპოლის პატრიარქი ანთიმ VII — 250 თურქული ლირა, ბერძენი ლეონიდ ზარიფისი — 700 თურქული ლირა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდი — 3 ათასი მანეთი ოქროში. სემინარია ხელახლა გაიხსნა 1896 წლის 6 ოქტომბერს.
მონასტრის ბიბლიოთეკის კოლექცია დაარსდა XVI საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიარქ მიტროფანე III-ის კოლექციის წყალობით. XX საუკუნის დასაწყისში ბიბლიოთეკის ფონდი შედგებოდა 120 ათასზე მეტი ტომისგან და იყო ყველაზე დიდი კოლექცია ოსმალეთის იმპერიიის ბერძNულ სამყაროში[1]. 2015 წლიდან მიმდინარეობს მუშაობა ბიბლიოთეკის კოლექციების სისტემატიზაციისა და ერთიანი ელექტრონული კატალოგის ჩამოყალიბებაზე.[2]
1971 წელს აკადემია დაიხურა თურქეთის კონსტიტუციის 130-ე და 132-ე მუხლების საფუძველზე, რომელიც კერძო საგანმანათლებლო რელიგიური საქმიანობის კრძალავდა თურქეთის ტერიტორიაზე.[3]
სემინარიის აღდგენაზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომე I-მა არაერთხელ გაამახვილა მსოფლიო საზოგადოების ყურადღება სკოლის საქმიანობის განახლების საკითხზე.[4][5] მისი თქმით, საგანმანათლებლო საქმიანობის აკრძალვა ლოზანის შეთანხმების (მუხლი 40), თურქეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის (მუხლი 24) და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მუხლი 9) დარღვევაა.
2018 წლის აპრილში კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე I ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მაისში, ბართლომე I-მა ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სკოლა მალე გაიხსნებოდა, რაშიც იგი ერდოღანმა დაარწმუნა.[6]
კურსდამთავრებულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სემინარიის არსებობის მანძილზე იგი დაამთავრა 990-ზე მეტმა სტუდენტმა, რომელთაგან 16 გახდა პატრიარქი, ხოლო 260-ზე მეტი ეპისკოპოსი, კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, ელადისა თუ სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიებში.[7]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჰალკის სემინარია“ ვიკისაწყობში.
- The Holy Theological School of Halki
- Православная семинария на острове Хейбелиада დაარქივებული 2019-01-04 საიტზე Wayback Machine.
- ΙΕΡΑ ΘΕΟΛΟΓΙΚΗ ΣΧΟΛΗ ΧΑΛΚΗΣ
- ΜΟΝΗ ΑΓΙΑΣ ΤΡΙΑΔΟΣ
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bibliothèque du monastère de la Sainte-Trinité sur l'île de Chalki დაარქივებული 2014-04-15 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
- ↑ Πώς σώθηκαν οι θησαυροί της Χάλκης. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-17. ციტირების თარიღი: 2017-03-15.
- ↑ История духовной православной семинарии в Турции Радио «Свобода»
- ↑ Патриарх Варфоломей заявил, что Турции придется открыть семинарию на острове Халки.
- ↑ Белый дом высказался за открытие семинарии на Халки.
- ↑ Chrysopoulos, Philip. (2018-05-05) Patriarch Bartholomew: Halki Theological School will Reopen Soon. Greek Reporter.
- ↑ Turkey: Secularist Siege Against Orthodox Church დაარქივებული 2014-07-14 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)